პროექტის შესახებ

Cybersecurity and Ai school

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საერთაშორისო სკოლა "კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი", რომლის ძირითადი მიზანი და ამოცანა არის დარგის სპეციალისტების გადამზადება, ახალი მაღალკვალიფიციური კადრების გაწვრთნა, ეროვნული კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, კიბერ უსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და საჯარო და კერძო თანამშრომლობის დამატებითი (Public-Private Partnership) პლატფორმის შექმნა. 14 დღიანი ინტენსიური ტრენინგების შედეგად მსმენელები შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ და სამეცნიერო ასპექტებს. ტრეინინგი შედგება სპეციალურად შერჩეული პროგრამისგან, რომელიც მოიცავს კურსებს ხელოვნურ ინტელექტზე და მის გამოყენების მეთოდებზე კიბერ უსაფრთხოებაში, ეთიკურ „ჰაკინგზე“, მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, ქსელების უსაფრთხოებაზე, „კიბერ-ჰიგიენაზე“, გამოძიება ღია წყაროებით (OSINT)-ზე და კრიპტოგრაფიაზე. ამისათვის, მონაწილეები მოისმენენ ინტერაქტიულ ლექციებს, გაიცნობენ მოწინავე უცხოელი ექსპერტების მიგნებებს, შეისწავლიან აქტუალურ მიმართულებებს, როგორებიც არის ხელოვნური ინტელექტის საწყისები, მანქანური სწავლება, კრიპტოგრაფია, პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია, ეთიკური ჰაკინგი. შედეგად, მსმენელებს მიეცემათ მყარი ცოდნის ბაზა, რომელზეც უკვე თავად შეძლებენ სამეცნიერო მოღვაწეობის, ან პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას/გაგრძელებას. მსმენელები ასევე შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი კიბერ უსაფრთხოების დარგში, მაგალითად ანტივირუსებში, როგორიც არის Next-Generation Antivirus (NGAV), TRAPS, Sentinel, IntelligentAVOne და ა.შ. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შეღწევადობის ტესტირება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ უნდა დაწერონ მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული თავდასხმის დეტექციის სისტემები (IDS) დაპროგრამების ენა პითონის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო სკოლის "კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი"-ის პროგრამაში გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტის ისეთი მოდელების განხილვა როგორიცაა ChatGPT. მოყვანილი ჩატი შექმნილია GPT-4 არქიტექტურაზე, რომელიც წარმოადგენს OpenAI - ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებულ მოდელს, რომელიც შექმნილია ადამიანის მსგავსად, პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე პასუხების გასაცემად. სკოლის ფარგლებში დაგეგმილია GPT-4 - ის აქტიური გამოყენება კიბერუსაფრთხოების ამოცანების უფრო ეფექტურად და სწრაფად ამოხსნისთვის. ChatGPT, როგორც ენის მოდელს გააჩნია ბუნებრივი ენის ტექსტის დამუშავებისა და გენერირების შთამბეჭდავი შესაძლებლობებით. ის გაწვრთნილი იყო მრავალფეროვან მონაცემთა დიდ მასივებზე, რაც საშუალებას აძლევს მას გაიგოს და უპასუხოს თემების ძალიან ფართო სპექტრს. გარდა ამისა, GPT-4 არქიტექტურა შექმნილია წინა თაობების, GPT-3.5-ის გასაუმჯობესებლად, რაც საშუალებას აძლევს მას შესთავაზოს უფრო ზუსტი, თანმიმდევრული და კონტექსტურად შესაბამისი პასუხები სხვადასხვა საუბრის სცენარებში. ეს თვისება იქნება ძალიან სასარგებლო კიბერუსაფრთხოების ამოცანების მრავალი სცენარისთვის. მოწყობილი საერთაშორისო სკოლის "კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი"-ის ფარგლებში მონაწილეები გაერკვევიან ChatGPT-ის ძირითად კონცეფციებში, რაც დაეხმარებათ სხვადასხვა კიბერ ამოცანების უკეთესი ამოხსნის გზების მოძიებაში. პროექტის ფარგლებში გაიზრდება საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული ექსპერტიზა კიბერ უსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის დარგში. ამისთვის პროექტის ფარგლებში ორგანიზებული სკოლა მოიწვევს ევროპის მოწინავე თეორეტიკოსებს და პრაქტიკოსებს, რომლებიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაატარებენ მსოფლიოში აპრობირებულ ტრეინინგ პროგრამას, რა დროსაც სპეციალური სიმულატორების გამოყენებით მსმენელებისთვის მოეწყობა იმიტირებული კიბერ თავდასხმები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროცესების სიმულაცია.

კონტაქტი

ka_GEGeorgian
Scroll to Top